Georgian English Russian
სტატიები
24
ქართული შრომის ბაზრის ძირითადი თავისებურებანი


შალვა კვეზერელი

ბიზნესის ადმინისტრირების აკადემიური დოქტორი

დავით აღმაშენებლის სახელობის

საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია

ასისტენტ პროფესორი

ელ. ფოსტა: schalwak@yahoo.de

მობ.: 599 905114

რეზიუმე

სტატიაში: „ქართული შრომის ბაზრის ძირითადი თავისებურებანი“ განხილულია ჩვენი ქვეყნის შრომის ბაზრის არსებული მდგომარეობა ოფიციალური სტატისტიკური მონაცემების, საერთაშორის და სხვა ადგილობრივი კვლევების  შედეგებზე დაყრდნობით, მათ შორის საკუთარი კვლევა-დაკვირვების შედეგების ანალიზი. განხილულია რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი (ბიზნესის განვითარება, განათლება და კვალიფიკაცია), რომელთაც დიდი გავლენა გააჩნიათ ეფექტიანი შრომის ბაზრის ჩამოყალიბებაზე.

სტატიაში ასევე მოცემულია ქართული შრომის ბაზარზე არსებული შრომითი რესურსის დაჯგუფების ახლებური მცდელობა. მოცემულია მდგომარეობის გაუმჯობესების გზები.


შრომის ბაზარი საბაზრო ეკონომიკის მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ძალაა, მისი მდგომარეობა ბევრის მეტყველია ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებზე. საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან ქვეყნისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხად, ახალი მოცემულობის შესაბამისი შრომის ბაზრის ჩამოყალიბება და განვითარება იქცა, მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის ყოველდღიურ საზრუნავად სამსახურის - შემოსავლის მოძიება, ხოლო დასაქმებულთა უმეტესობისთვის უკეთესი სამუშაო ადგილის და გაუმჯობესებული სამუშაო პირობების მიღება.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2016 წლის მონაცემებით, ქვეყანაში უმუშევრობის მაჩვენებელი 11.8%-ია. ზოგადად, ბოლო წლების უმუშევრობის მონაცემების მიხედვით თითქოს არც თუ ისეთი საგანგაშო მდგომარეობაა, როგორც განვითარებადი ქვეყნისთვის, თუმცა ჩვენის აზრით არსებული რეალობაა სხვა არის. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებში დასაქმებლად - თვითდასაქმებულად ითვლება მოსახლეობის ის ნაწილიც, რომელთა საკუთრებაში 1 ჰა სასოფლო-სამეურნეო სავარგულია, მიუხდავად იმისა საკმარისია თუ არა ეს „ქონება“ არსებობისთვის. გარდა აღნიშნულისა კითხვის ნიშნებს ბადებს თვითდასაქმებულთა აღრიცხვის მეთოდიკის სხვა მიდგომებიც.

ცხრილი 1: დასაქმებული მოსახლეობის განაწილება 2009 – 2016 წ. (ათასი კაცი)[1]

2009

2010

2011

2012

2013

2014

2015

2016

დასაქმებული

1656.1

1628.1

1664.2

1724.0

1712.1

1745.2

1779.9

1763.3

დაქირავებული

596.0

618.6

632.0

662.6

658.2

692.3

753.4

745.4

თვითდასაქმებული

1059.0

1007.1

1025.4

1054.0

1043.8

1046.1

1018.1

1010.9

გაურკვეველი

1.2

2.4

6.8

7.4

10.0

6.8

8.4

7.0

თვითდასაქმებული %

64

62

62

61

61

60

57

57

როგორც ცხრილ 1-ის მონაცემებშია მითითებული თვითდასაქმებულთა წილობრივი მაჩვენებელი (პროცენტი) მთლიან დასაქმებლთა მოცულობის დაახლობით 60% შეადგენს. თუმცა დასადგენია აღნიშნული თვითდასაქმება და მისგან მიღებული შემოსავლები არის თუ არა საკმარისი ღირსეულად საარსებოდ. ცალკე განხილვის საგანს წარმოადგენს ქვეყანაში საარსებო მინიმუმი და მისი გამოთვლის მეთოდიკა, რასაც მოცემულ თემაში აღარ ვეხებით.

2017 წელს NDI (National Democratic Institute) მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის მიხედვით გამოკითხულთა 47%-ი სამუშაო ადგილების უკმარისობას მიიჩნევს ძირითად ეროვნულ პრობლემად და მიუხედავად იმის, რომ ეს წილობრივი მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 8%-ით არის შემცირებული მაინც პირველ ადგილს იკავებს საზოგადოების მიერ დასახელებულ ძირითად ეროვნულ პრობლემათა ჩამონათვალში. ხოლო მოსახლეობის ორი მესამდი თავს დაუსაქმებლად თვლის.

გარდა აღნიშნულისა ყურადღებას იქცევს ზოგადად შრომითი ძალის დაბალი აქტიურობის დონე რომელიც 2006 – 2016 წლებში 52%-დან მაქსიმუმ 60%-მდე მერყეობს.

დიაგრამა 1: უმუშევრობის, აქტიურობის და დასაქმების დონე საქართველოში (%)[2]

            იგივე, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიხედვით 2016 წელს უმუშევრობის შედარებით მაღალი დონე გვაქვს ქვეყანაში ეკონომიკურად ყველაზე აქტიურ ადგილას დედაქალაქში - თბილისში 22%, მისგან განსხვავებით რეგიონებში ეს მაჩვნებელი 4.1%-დან 13%-მდეა. აღნიშნულის ერთ-ერთ მიზეზად ზემოთ მოხსენიებული გამოანგარიშების ნაკლოვანებები უნდა მივიჩნოით, რადგან მარტივი ჯეშმარიტებაა, იქ სადაც დასაქმება და შემოსავლის მიღების მეტი შესაძლებლობებია მოსახლეობის მატება გვაქვს, ხოლო იქ სადაც უმუშევრობაა შესაბამისად მოსახლეობის კლებაა.  

ცხრილი 2: მოსახლობის რიცხოვნობა 2006 და 2016 წლებში[3]

დასახელება

2006 წელი

ათასი კაცი

2016 წელი

ათასი კაცი

ცვლილება (+/-)

ათასი კაცი

საქართველო

4398.0

3719.3

- 678.7

თბილისი

1102.2

1113.8

+ 11.6

აჭარა (არ)

378.0

338.0

- 40.0

გურია

139.1

112.8

- 26.3

იმერეთი

698.9

531.3

- 167.6

კახეთი

404.2

317.9

- 83.6

მცხეთა-მთიანეთი

124.3

94.0

- 30.3

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი

48.8

31.3

- 17.5

სამეგრელო-ზემო სვანეთი

470.4

329.0

- 141.4

სამცხე-ჯავახეთი

208.4

160.5

- 47.9

ქვემო ქართლი

508.0

426.9

- 81.1

შიდა ქართლი

313.8

263.8

- 50.0

ცხრილი 2-ის მონაცემების მიხედვით 2006-დან 2016 წლებს შორის მოსახლეობის შემცირება ქვეყნის მაშტაბით შეადგენს 678.7 ათას კაცს, რაც 15.5 %-ია. იგივე წლებში მოსახლეობის კლებით ხასიათდება საქართველოს ყველა რეგიონი, ერთადერთი ადგილი სადაც მოსახლეობის მცირე, თუმცა მატებაა, არის თბილისი. ასევე ბიზნეს რეგისტრის მონაცემების მიხედვით ყველაზე მეტი აქტიური სუბიექტების რაოდენობა 2017 წლის 1 ივნისის მდგომარეობით თბილისშია 43%, იხ. ცხრილი 3.

ცხრილი 3: ბიზენს რეგისტრის მონაცემები 2017 წლის 1 ივნისის მდგომარეობით[4]

დასახელება

სუბიექტის რაოდენობა

აქტიური

%

საქართველო

653640

167554

100.0

თბილისი

285610

69950

43.7

აჭარა (არ)

56018

16346

8.6

გურია

15929

4281

2.4

იმერეთი

89932

23301

13.8

კახეთი

40837

10738

6.2

მცხეთა-მთიანეთი

12058

2945

1.8

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი

5400

1247

0.8

სამეგრელო-ზემო სვანეთი

51468

12612

7.9

სამცხე-ჯავახეთი

19122

5058

2.9

ქვემო ქართლი

48064

12726

7.4

შიდა ქართლი

29034

8335

4.4

 

სტატისტიკური მონაცემების მიხედვით საკმაოდ მაღალია იმ პირთა რაოდენობა, რომელთაც დასაქმების იმედი გადაეწურათ და ნაცვლად იმისა, რომ ეკონომიკური აქტიურობით შექმნან დოვლათი, გადაქცეულნი არიან სხვა დასაქმებულთა სარჩენ ჯგუფად.

ცხრილი 4: მოსახლეობა სამუშაო ძალის გარეთ 2009 – 2016 წ (ათასი კაცი)

2009

2010

2011

2012

2013

2014

2015

2016

სულ სამუშაო ძალა (პოტენციური)*

3131.1

3075.1

3037.6

2997.0

3014.0

2996.1

2950.0

2955.0

დასაქმებული

1656.1

1628.1

1664.2

1724.0

1712.1

1745.2

1779.9

1763.3

უმუშევარი

335.6

316.9

295.1

305.1

291.8

246.0

241.6

235.1

მოსახლეობა სამუშაო ძალის გარეთ

1139.3

1083.3

1045.9

1005.2

1022.3

1004.4

958.3

963.2

მოსახლეობა სამუშაო ძალის გარეთ %

36.4

35.2

34.4

33.5

33.9

33.5

32.5

32.6

* სულ აქტიურ მოსახლეობას (სამუშაო ძალას) დამატებული აქვს მოსახლეობა სამუშაო ძალის გარეთ - ვისაც სათანადო გარემოებების შემთხვევაში შეეძლო ყოფილიყო დასაქმებული და მივიღეთ სულ სამუშაო ძალა (პოტენციური).

ცხრილ 4-ში მიღებული მონაცემების მიხედვით მოსახლეობა სამუშაო ძალის გარეთ, რომელთა შორისაც მნიშვნელოვანი ნაწილი დასაქმების საკითხში იმედგადაწურულთა ჯგუფია, წილობრივი მაჩვენებელი ბოლო წლებში სულ სამუშაო ძალასთან (პოტენციური) მიმართებაში 32÷ 36 %-ის ფარგლებში მერყეობს.

განხილული მონაცემების მიხედვით შეიძლება ითქვას რომ ქვეყანაში იმ პირთა რაოდენობა ვისაც პოტენციურად შეუძლია იყოს დასაქმებული და შეიტანოს თავისი წვლილი ქვეყნის დოვლათის შექმნაში, მაგრამ სხვადასხვა გარემოებათა გათვალისწინებით არ არის დასაქმებული +40%-ია.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2016 წლის მონაცემების მიხედვით უმუშევრობის დონე ასაკობრივ ჭრილში არაერთგვაროვნად გამოიყურება (იხ. დიაგრამა 2). აღნიშნული მონაცემების მიხედვით უმუშევრობის დონე 15÷29 წლის ასაკში 20%-ზე მაღალია, როდესაც იგივე სამსახურის მონაცემებით საერთო უმუშევრობის მაჩვენებელი 11.8%-ს შეადგენს. ასაკის მატებასთან ერთად უმუშევრობის მაჩვენებელი ძირითადად მცირდება. აღნიშნული იმის მაჩვენებელია, რომ 15÷29 წლის ასაკობრივი ჯგუფი შედარებით აქტიურად ეძებს სამუშაოს (გამოყენებული გამოანგარიშების მეთოდიკის მიხედვით), თუმცა მათი მნიშვნელოვანი ნაწილი მაინც უმუშევარია, ხოლო ასაკის მატებასთან ერთად და სამართლიანი იქნება თუ ვიტყვით მრავალი იმედგაცრუების შემდგომ ბევრი საერთოდ თავს ანებებს დასაქმების ადგილის მოძიებას და ინაცვლებს სამუშაო ძალის გარეთ მყოფთა კატეგორიაში.

დიაგრამა 2: უმუშევრობის დონე ასაკობრივ ჭრილში 2016 წელს (%)[5]

            უნდა აღინიშნოს, რომ სამუშაოს - შემოსავლის გარეშე დარჩენილი მოსახლეობის ნაწილი ცდილობს საზღვარგარეთ წავიდეს და ამ გზით გადაჭრას ეს პრობლება. ამ კატეგორიაშიც ახალგაზრდა თაობა აქტიურობს, ვისაც მეტი შესაძლებლობა გააჩნია ჩამოყალიბდეს მაღალკვალიფიციურ კადრად, რასაც კარგავს დროებით, რიგ შემთხვევაში სამუდამოდ ქვეყანა და მისი შრომის ბაზარი.

            არსებული მდგომარეობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა შრომით ბაზარზე მოთხოვნა - მიწოდების თანაფარდობა, სადაც მოთხოვნა გაცილებით მცირეა მიწოდებასთან შედარებით. მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ეკონომიკური მაჩვენებლები ბოლო წლებში წინა პერიოდთან შედარებით უმჯობესდება, ეს დადებითი ცვლილებები იმდენად მცირეა, რომ ვერ ახდენს მნიშვნელოვან გავლენას მდგომარეობის გამოსწორებაზე.

            ასევე უნდა ვთქვათ, რომ ქვეყანაში სუსტადაა განვითარებული საშუალო და მცირე ბიზნესი, რომლებიც როგორც წესი შედარებით მეტ სამუშაო ადგილებს ქმნის, რადგან მსხვილ ბიზნესში შრომით ძალას დიდ წილად თანამედროვე ტექნოლოგიები და დაზგა-დანადგარები ანაცვლებენ. 2016 წლის მონაცემებით დასაქმებულთა 61.3%-ს მსხვილი ბიზნესი ასაქმებს, 16.6%-ს საშუალო, ხოლო 22.1%-ს მცირე ბიზნესი. რაც შეეხება სახელმწიფო და არასახელმწიფო სექტორებში დასაქმებულთა თანაფარდობას ციფრობრივად მოცემულია ცხრილ 5-ში.

ცხრილი 5: დასაქმებულთა განაწილება სახელმწიფო და არასახელმწიფო სექტორების მიხედვით 2009 – 2016 წ.[6]

 დასახელება

2009

2010

2011

2012

2013

2014

2015

2016

სულ

1,656.1

1,628.1

1,664.2

1,724.0

1,712.1

1,745.2

1,779.9

1,763.3

სახელმწიფო სექტორი

298.3

285.8

266.4

273.7

247.3

251.2

274.9

262.2

არასახელმწიფო სექტორი

1357.8

1342.2

1397.8

1450.4

1464.7

1494.0

1505.0

1501.1

%

სულ

100.0

100.0

100.0

100.0

100.0

100.0

100.0

100.0

სახელმწიფო სექტორი

18.0

17.6

16.0

15.9

14.4

14.4

15.4

14.9

არასახელმწიფო სექტორი

82.0

82.4

84.0

84.1

85.6

85.6

84.6

85.1

დასაქმებულთა დიდი ნაწილი არასახელმწიფო სექტორზე მოდის, თუმცა სახელმწიფო სექტორი, როგორც დამსაქმებელი მნიშვნელოვან როლს თამაშობს შრომის ბაზარზე.

ქვეყანაში დასაქმებულთა დაახლოებით 40%-ქალია, ხოლო 60%-ი კაცი. ბოლო წლებში ქალების დასაქმების დონე 49% – 53%-ის ფარგლებშია, ხოლო მამაკაცების 64% – 67%-ის ფარგლებში. თუმცა ხაზი უნდა გაესვას, რომ სამუშაოს ძალის გარეთ მყოფთა კატგორიაში ქალთა რაოდენობა 2.2-ჯერ აჭარბებს კაცების მსგავს რაოდენობას, ანუ ქალების უფრო დიდი ნაწილი „შეეგუა უმუშევრობას“, აქტიურად აღარ ცდილობს დასაქმებას. 

დასაქმებულთა საშუალო თვიური ანაზღაურება 2006 წელს შეადგენდა 277.9 ლარს, 2017 წლისთვის (პირველი კვარტლის მიხედვით) 989.4 ლარს, ზრდა 711.5 ლარია, თუმცა დროის მოცემულ მონაკვეთში ოფიციალური ინფლაციის მაჩვენებელი 66.7%-ია და ნაზარდი ხელფასის მნიშვნელოვანი ნაწილი ინფლაციამ შთანთქა. მამაკაცების საშუალო ანაზღაურება დაახლოებით 37%-ით აღემატება ქალების საშუალო ანაზღაურებას.

რაც შეეხება საქმიანობის სახეების მიხედვით საშუალო თვიურ ნომინალურ ანაზღაურებას, 2017 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით აქ ლიდერობს: საფინანსო საქმიანობა - 1907.5 ლარი, მას მოყვება მშენებლობა - 1498.5 ლარი და ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა - 1332.4 ლარით. ყველაზე დაბალანაზღაურებად საქმიანობას წარმოადგენს განათლების სექტორი - 563.9 ლარი, შემდგომ სოფლის მეურნეობა - 657.9 ლარი და სასტუმროები და რესტორნები - 740.7 ლარი. აქ კიდევ ერთხელ ხაზი უნდა გავუსვათ განათლების სექტორში არსებულ ანაზღაურებას, რომელიც ყველაზე დაბალია და ჩვენის აზრით ერთ-ერთი ძირითადი განმაპირობებელი ფაქტორია შრომის ბაზრის ხარისხის და არა მხოლოდ მისი.

            მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2015÷2016 წლის „გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიშის“ („The Global Competitiveness Report“) მიხედვით ბოლო წლებში ბიზნესმენთა და ინვესტორთა დიდი ნაწილი საქართველოში ბიზნესის ხელისშემშლელ ძირითად გარემოებად სამუშაო ძალის არაკვალიფიციურობას ასახელებს.  ამავდროულად როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ქვეყნის შრომის ბაზარზე მიწოდება აჭარბებს მოთხოვნას, თუმცა მცოდნე და გამოცდილი მუშა ხელის მწვავე ნაკლებობაა. იგივე ორგანიზაციის მონაცემებით 140 ქვეყანაში, შრომის ბაზრის ეფექტიანობით 32 საფეხურზე ვართ (წინა წელთან შედარებით გაუმჯობესდა 9 საფეხურით), ხოლო უმაღლესი განათლების და ტრეინინგების კატეგორიაში 87 ადგილი გვიჭირავს (წინა წელთან შედარებით გაუმჯობესდა 5 საფეხურით).

საქართველოში ბოლო დროს ჩატარებულმა არაერთმა კვლევამ წარმოაჩინა, რომ უმაღლესი განათლების მიღების შემდგომ დასაქმებისთვის აუცილებელია შემდგომი გადამზადება. უმაღლესი სასწავლებლები ძირითადად ვერ უზრუნველყოფენ სრულფასოვნად - დამსაქმებლისთვის მისაღები კვალიფიკაციის კურსდამთავრებულთა გამოშვებას. საკვანძო საკითხს წარმოადგენს თეორიულ მომზადებასთან ერთად პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება, ეს კი შეუძლებელია უმაღლესი სასწავლებლების და პოტენციური დამსაქმებლების მჭიდრო თანამშრომლობის გარეშე (საწარმოო პრაქტიკები, გამოცდილი-პრაქტიკოსების საუნივერსიტეტო საქმიანობაში გარკვეული მოცულობით ჩართვა და სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში საგანმანათლებლო დაწესებულებათა და ბიზნესისი მჭიდრო თანამშრომლობა). აღნიშნულს ამყარებს ის არსებული მდგომარეობაც, რომლის მიხედვით შრომის ბაზარზე უმუშევართა და არა სამუშაო ძალის კატეგორიაში მყოფთა მნიშნვნელოვან ნაწილს გააჩნია უმაღლესი განათლება, რომელიც საკმარისი არ აღმოჩნდა მათთვის დასაქმებაში. რამდენიმე უმაღლეს სასწავლებელში ბოლო დროს დადებითი ცვლილებებია ზემოთ განხილული გარემოების გამოსასწორებლად, თუმცა, როგორც იტყვიან ეს ჯერ ზღვაში წვეთია და საკმარისი არ არის მთლიანი სურათის შესაცვლელად.

უმაღლესი განათლება ვერავითარ შედეგს ვერ აჩვენებს ხარისხიანი საშუალო - სასკოლო განათლების გარეშე, რომელიც ასევ წარმოადგენს მნიშვნელოვან ქვაკუთხედს ხარისხიანი პროფესიული განათლებისთვის. დღეს ვერც ერთი მათგანი სამწუხაროდ ვერ პასუხობს არსებულ გამოწვევებს.

ჩვენს მიერ წარმოებული დაკვირვების შედეგები, რომელსაც 2006 წლიდან ვახორცილებთ და დღემდე შინაარსობრივად მოესწრო 14 ორგანიზაციის შესწავლა, რომელთაგან 4 განეკუთვნება მსხვილი ორგანიზაციების კატეგორიას, 5 საშუალოს, ხოლო დანარჩენი 5 წვრილს, თანხვედრაშია მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ გამოქვეყნებულ შედეგებთან. მსხვილი ორგანიზაციები ფინანსური რესურსების ხარჯზე ახერხებენ საკვანძო პოზიციებზე პროფესიონალი კადრის, როგორც უცხოეთიდან მოზიდვას, ასევე ადგილობრივი ბაზრიდან საუკეთესოების დასაქმებას და მათ შემდგომ გადამზადებას, თუმცა გადამზადების ხარჯები და ასვე დროის ფაქტორი მათთვისაც საკმაოდ მძიმე დამატებით ტვირთს წარმოადგენს. რაც შეეხება საშუალო და მცირე ზომის ორგანიზაციებს, ორივე მათგანში მწვავედ დგას მცოდნე და გამოცდილი კადრის მოძიების საკითხი.

ქართულ შრომის ბაზარზე, შრომითი რესურსები შეიძლება შემდეგ ძირითად ჯგუფებად დავყოთ:

ü  საბჭოური განათლებისა და უნარ-ჩვევების მქონე კადრი (40 წელი და ზევით), რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი სამწუხაროდ ვერ პასუხობს დღევანდელ გამოწვევებს - შრომითი რესურსის დაახლოებით 55÷65%;

ü  ახალბედა და მცირე გამოცდილების მქონე კადრი (ძირითადად 15÷24 წლის ასაკს შორის), რომელთაც დასაქმებისთვის სჭირდებათ შემდგომი საფუძვლიანი გადამზადება - შრომითი რესურსის დაახლოებით 5÷10%;

ü  გარკვეული გამოცდილებისა და უნარ-ჩვევების მქონე კადრი (ძირითადად 25÷39 წლის ასაკს შორის), რომელთაც დასაქმებისთვის ძირითადად სჭირდებათ შემდგომი გადამზადება  - შრომითი რესურსის დაახლოებით 30÷35%;

ü  ბოლო დროს ჩამოყალიბებული - უცხოური და წარმატებული ქართული განათლების (ძირითადად ევროპული, ან ამერიკული და წარმატებული ქართული საგანმანათლებლო დაწესებულებები) და გამოცდილების მქონე კადრი - შრომითი რესურსის დაახლოებით 2÷4%.

აღნიშნულ ჯგუფთან მიმართებაში გვსურს აღვნიშნოთ ერთი ჩვენი დაკვირვება: მათი ნაწილი სათანადოდ ვერ ახდენს მიღებული ცოდნისა და უნარ-ჩვევების წარმოჩენას სხვადასხვა ხელისშემშლელი გარემოებების გამო. ამ ხელისშემშლელი გარემოებებიდან უნდა გამოვარჩიოთ „კაფსულაში ჩაკეტილი ცოდნის ცნება“, როდესაც არსებული სამუშაო გარემო მათი ცოდნისა და გამოცდილების რეალიზების შესაძლებლობას არ იძლევა და ნაცვალ იმისა, რომ ეს ცოდნა დაიხვეწოს და განვითარდეს, ხშირ შემთხვევაში გვაქვს უკუეფექტი, ხდება ამ ცოდნისა და უნარჩვევების დაკნინება (რეგრესი);

ü  გამოცდილი და მაღალი უნარჩვევების მქონე კადრი - შრომითი რესურსის დაახლოებით 1÷2%;

ყოველი მოცემული ჯგუფი შიგნით ძალზედ მრავალფეროვანია და მოითხოვს ცალკეულ განხილვას, რასაც შემდგომ ნაშრომებში წარმოვადგენთ.

ისტორიას არაერთი გამოჩენილი პიროვნების დაახლოებით ასეთი შინაარსის გამოთქმა ახსოვს: „წარმატების მიღწევაში გადამწყვეტი, მაღალი პასუხისმგებლობის და გამოცდილების მქონე თანამშრომლებია“. აღნიშნულს ჩვენც ვიზიარებთ, ქვეყნის განვითარებას ესაჭიროება მცოდნე და გამოცდილი კადრების მომზადება. პროფესიონალი კადრების მომზადებას თავის მხრივ ესაჭიროება მაღალი ხარისხის: საშუალო, პროფესიული და უმაღლესი განათლების სისტემა. რათქმა უნდა მაღალ ეფექტური შრომის ბაზრის ჩამოყალიბებაზე სხვა გარემოებებიც ახდენს გავლენას და საჭიროა მათი მთლიანობაში განხილვა, თუმცა როგორც აღვნიშნეთ, ძირითად საკითხად მაინც მაღალი კვალიფიკაციის შრომითი ძალის მომზადება - მათი სათანადოდ სწავლება და სწორი პრაქტიკული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება მიგვაჩნია სახელმწიფოებრივ აზროვნებასთან ერთად.

 

გამოყენებული წყაროები:

1. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები

2. მსოფლიოს ეკნომიკური ფორუმის ანგარიშები

3. NDI (National Democratic Institute) კვლევები

4. საკუთარი კვლევა-დაკვირვება



[1] შედგენილია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით

[2] შედგენილია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით

[3] შედგენილია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით

[4] შედგენილია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით

[5] საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

[6] საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური


ჟურ. ახალი ეკონომისტი, #3, 2017 წ.

მთავარი რედაქტორი

ლოიდ ქარჩავა

მთავარი რედაქტორი და სარედაქციო კოლეგიის თავმჯდომარე,

ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი, პროფესორი;

საქართველოს მეცნიერთა საბჭოს თავმჯდომარე;

საქართველოს ბიზნესის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი;

ფაზისის საერო-მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი.